ბევრი ქვეყანა სხვადასხვანაირად არეგულირებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების შედეგად შექმნილი სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას. ყველა ნორმალური ქვეყანა ითხოვს ერთ რამეს - იყოს გარკვეული ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის დონეზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც საუბარია შედარებაზე, ამერიკულ თუ რუსულ კანონპროექტთან, აქ საუბარია, რომ ის კანონები, როგორც ამერიკაში ისე რუსეთში მოქმედი გაცილებით მკაცრია და გაცილებით რადიკალურ ზომებს მოიცავს.იქ არა მარტო იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებიც იგულისხმებიან, ანუ, ეს კანონები ბევრი კუთხით არის უფრო მძიმე.
ჩვენს შემთხვევაში, რაც პარლამენტში განხილვის საგნად შემოდის, ამ კანონის შინაარსი არის ერთი, რომ მინიმალური სტანდარტი დაწესდეს ანგარიშვალდებულების, ანუ, ღიაობის მინიმალური სტანდარტი. სხვა არანაირი შეზღუდვა, აკრძალვა ან სხვა რაიმე სახით ჩარევა ამ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ხალხის ძალა“ წარადგენს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი იქნება.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.