არ მინდა ვინმეს ნიშნის მოგებით ვესაუბრო, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა თანმიმდევრულობა, მათი პარლამენტში ყოფნა-არ ყოფნა კომიკური გახდა და თვითონაც ხვდებიან, რომ არ შეიძლება თვეგამოშვებით ბოიკოტში მიდიოდე, მერე ბრუნდებოდე, ეს ძალიან არასერიოზულ ელფერს სძენს მათ საპარლამენტო საქმიანობას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რაც მთავარია, ვერ კონცენტრირდებიან საპარლამენტო საქმეზე. პარლამენტში უამრავი საკითხია, რაზეც უფრო სასარგებლო იქნებოდა მათი აქ ყოფნა, ვიდრე იქ, სადაც არიან. სიმართლე გითხრათ, მე ვერ დავინახე მათ მოწოდებებზე გამოსული აზვირთებული ხალხი. იქ 5-6 ადამიანის გარდა ვერ ვხედავ, რომ ვინმეს საპარლამენტო საქმიანობის სურვილი ჰქონდეს. ეს არის მათი პრობლემა და თავის დროზე, როცა სიას აკომპლექტებდნენ უნდა ეფიქრათ, ვინ შეჰყავდათ ამ სიაში, იმიტომ, რომ პარლამენტში უნდა მოვიდეს ის, ვისაც აინტერესებს პარლამენტში რაღაცის კეთება და არა უბრალოდ მანდატის ჩადება და ამით სხვადასხვა პრივილეგიის თუ სიკეთის მიღება“, - აღნიშნა იოსელიანმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს.