კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, თუმცა უკრაინას კვლავაც სჭირდება თანამედროვე იარაღი.
„ეს სარისკო ვიზიტია, რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. ეს მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უჭერს მხარს. გაცილებით მეტ ენერგიას გვაძლევს ბრძოლაში, თუ მეგობრების მხარდაჭერას ვგრძნობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - აღნიშნა კიევის მერმა.
კიევში ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენმა გამოაცხადა დამატებითი ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალასა და ჰაუბიცებს, თუმცა არ მოიცავს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ან გამანადგურებლები.
„ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს თანამედროვე იარაღი. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ დამოკიდებულნი ჩვენი პარტნიორების დახმარებაზე“, - განაცხადა კლიჩკომ.