მაია მელიქიძე კონფერენციაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა

მაია მელიქიძე კონფერენციაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე (ERRA) მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)-ს ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას მაია მელიქიძემ ისაუბრა ქალთა როლის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სექტორში.

„საქართველო ახლა იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. პირველი, ის, რომ  რამდენიმე დღის წინ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, კერძოდ „ვიზუალ კაპიტალისტის“ მიერ საქართველო პირველად მოხვდა მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე. შესაბამისად, განახლებადი ენერგიები უკვე არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. მეორე ის, რომ 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი. ამ და სხვა ღონისძიებებში ქალების გააქტიურება არის გადამწყვეტი - ქალის, როგორც გადაწყვეტილების მიმღების, პოლიტიკის შემქმნელის, ინჟინრის, მეცნიერის, წარმატების ფორმულის დამწერის. ახლა უკვე დროა, რომ ქალებმა ენერგეტიკაში ეს შანსი გამოვიყენოთ. ძალა ერთობაშია. ქალებმა მხარდამხარ უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.  

კონფერენცია „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“        მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზაციას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების გაცნობასა და ენერგეტიკაში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცებისთვის ცნობიერების ამაღლებას ქალთა ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმო ინოვაციურ ტექნოლოგიებში ქალთა შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმების პერსპექტივებზე დისკუსიას.