საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გამა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გამა" საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრს გახსნის

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „გამამ“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ახალი ბიზნეს ცენტრი გახსნა, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მზიურის ბიზნეს ცენტრის აშენებას. ეს არის მაღალი კლასის საოფისე ფართები, რომელიც მზიურთან ახლოს, წყნარ და გამწვანებულ გარემოშია მოქცეული. საოფისე ფართი ასევე მოიცავს სატრენაჟორო დარბაზს, კვების ზონას, საპარკინგე ადგილსა და გამწვანებულ ეზოს, რომელიც 3000 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის საოფისე ფართის ქირაობის შემთხვევაში. A კლასის ბიზნეს ცენტრი თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის N2-ში მდებარეობს. საოფისე სივრცეები სრულად აკმაყოფილებს A კლასის ბიზნეს ცენტრის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადა მზიურის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელმა, ზურაბ ცაგარეიშვილმა.

„საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ბანკს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორცილებული პარტნიორებთან ერთად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ამჯერად ქალაქის ცენტრს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა შეემატა, რომელიც მაღალი კლასის საოფისე ფართებს მოიცავს. ბიზნეს ცენტრში 1 200 ადამიანი შეძლებს  კომფორტულ პირობებში მუშაობას. მისასალმებელია, რომ პროექტის განხორციელება დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე კი, კომპანიას 70-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.