ამ პოლიტიკურ ჯგუფებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც უკრაინა და უკრაინელი ხალხი და არც საქართველო და ქართველი ხალხი. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, ეს არის ძალაუფლება და კიდევ ერთხელ მცდელობა, რაღაც საბაბებისა და ბერკეტების მოძებნა, როგორმე შეარყიონ სიტუაცია საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა 22 თებერვალს 3 პარტიის: „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს.
„რაც შეეხება ამ აქციის ორგანიზატორებს, ვხედავთ, რა ხალხიცაა: არის პარტია „დროა“, რომელიც დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდით. ვნახეთ, ლამის, კვირა არ გადის, რომ ამ პარტიის ლიდერმა არ ჩაატაროს დეზინფორმაციით გაჟღენთილი ბრიფინგი და საკუთარ ქვეყანას დააბრალოს, რომ ხდება სანქციების გვერდის ავლა და ასე შემდეგ, გამოიწვიოს ერთსაათიანი თუ ერთდღიანი მღელვარება საზოგადოებაში, რომ მართლა რაღაც ხომ არ მოხდა. შემდეგ ყოველ ჯერზე გამონაკლისის გარეშე დასტურდება, რომ ეს არ მომხდარა. ბოლოს ეს ამერიკის ელჩმაც კი დაადასტურა ეს საკითხი, რომელიც ვნახეთ, პარტია „დროას“ არ ესიამოვნა, რადგან პირდაპირ დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამებით.
ასეთი ადამიანების მიერ სოლიდარობის აქციის მოწყობაზე საუბარი, ზოგადად ეს სიტყვა სოლიდარობის დაცინვაა. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან ამას დიდი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.