პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომლის დროსაც, წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანებს უთვალთვალებდნენ, მორალურად ატერორებდნენ და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აწამებდნენ, ამიტომ კარგად უნდა დავაკვირდეთ იმ ადამიანებს, ვინც მას პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს.
„2012 წელს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან აჯანყდა იმის გამო, რომ საქართველოში შექმნილი იყო პოლიციური რეჟიმი, რომელიც იყო დაფუძნებული ადამიანის ჩაგვრაზე. ამ რეჟიმის მთავარი შემოქმედი რომ ვანო მერაბიშვილია, ამაზე ამასწინ მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა, თუ სწორად მახსოვს. თავად „ნაციონალური მორაობის“ შიგნითაც საუბრობენ ამაზე. ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმის, სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორი სწორედ გახლავთ ვანო მერაბიშვილი და ამას რაიმე დამატებითი დრამატიზება არ სჭირდება იმდენად დრამატულია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელმაც 21-ე საუკუნეში შექმნა ჩაგვრის სისტემა, რომელიც იწყებოდა ადამიანის მორალური ტერორიდან და თვალთვალიდან და სრულდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის წამებით, ამ სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს ცდილობს ფეხი მოიკიდოს პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ უნდა დავაკვირდეთ და შევაფასოთ ყველა ადამიანი, ვინც მას პოლიტიკურად ჩამოართმევს ხელს“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.