თურქეთის ელჩი ქართველო ხალხს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ალი ქაან ორბაი ამ თემაზე „იმედის კვირას“ ესაუბრა.
„საქართველოს მთავრობას მობილიზაცია დაწყებული ჰქონდა მანამ, ვიდრე დახმარებას ვთხოვდით ჩვენს საყვარელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ქართველ დებსა და ძმებს. იმავე დღეს 63 ქართველი მაშველი წავიდა თურქეთში დასახმარებლად. მეორე დღეს კი საქართველომ მეორე ჯგუფი გაგზავნა. დღეს თურქეთში 108 ქართველი მაშველი და 2 ძაღლია. მათ 3 ადამიან უკვე გადაარჩინეს ასეთ რთულ პირობებში. ვიცი, რომ ისინი 24/7-ზე მუშაობენ, პროფესიონალები არიან, კვალიფიციურები. საქართველო უნდა ამაყობდეს მათით. ჩვენ მადლობლები ვართ ამ სწრაფი რეაგირებისთვის. პირველივე დღიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი დააორგანიზა. საგარეო საქმეთა მინისტრი სულ კონტაქტზეა ჩვენთან, ეხმარება საელჩოს, რომ კოორდინაცია მოვახდინოთ საქართველოს მთავრობასთან.
ჩვენი საელჩო ვერ იტევს ჰუმანიტარულ ტვირთს. სტუდენტებს მოაქვთ თავიანთი ტანსაცმელი, მაცნობეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო დახმარება უნდა გააგზავნოს მაშველებისთვის. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაგვეხმარა. ეს არის ნამდვილი მეგობრობა. ყველაზე რთულ დროს საქართველო გვერდით გვიდგას. მე, როგორც თურქეთის ელჩი საქართველოში ვამაყობ, რომ ასეთ ქვეყანაში ვმუშაობ. ძალიან მეგობრული სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან უყვარს თურქეთი. მადლობა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ერთად“, - განაცხადა ელჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი გამოიყო.