თსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა

თსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანია ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების მქონე სტუდენტებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა.

ცენტრში, ასევე, გადამზადდებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციის სპეციალისტები და ფსიქოთერაპევტები. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მათი პოტენციალის განვითარებას. 

პროექტის განხორციელების შედეგად ფაკულტეტზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი კვალიფიციურად მოემსახურება სტუდენტებს სხვა ფაკულტეტებიდანაც. გარდა ამისა, ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები გაივლიან ტრენინგს და მომზადდებიან მომავალი ფსიქოლოგიური საკონსულტაციო საქმიანობისთვის, რაც გააძლიერებს ცენტრის მდგრადობას. სტუდენტთა ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ შესაბამისი მიმართულების პროფესორებიც, მათ შორის, ცნობილი ნეიროფსიქოლოგი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც ონლაინ დახმარებას უწევს ფაკულტეტის სტუდენტებს 2019 წლიდან არსებობს.

აღნიშნული პროექტი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ერასმუს+ პროგრამის „Capacity Building in a Field of Higher Education“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ფარგლებში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი.