გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ, მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

„იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან. პანიკის გარეშე, რადგან ვითარება საკმაოდ მძიმეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები არსებობს. ანუ, სავარაუდოდ, მოქალაქე უნდა წავიდეს უკან, საქართველოში, თუა დანგრეული აქვს სახლი, სამსახური დაკარგული აქვს და ა.შ. როგორც მინიმუმ, საჭიროა რაღაც ინფორმაცია, რათა დავაკვალიანოთ და რჩევა მივცეთ, მომავალში რა უნდა გააკეთოს და რა სიტუაციაა მის ირგვლივ. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ საბუთები, პასპორტები, მოგვაკითხონ ჩვენ ან ტრაბზონს. თუ ვერ მოდიან ჩვენამდე, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ აქ ჩამოსვლამდე, ანკარამდე, სტამბოლამდე ან ტრაბზონამდე, რადგან არის სამი გზა საქართველოში მოსახვედრად – სტამბოლი, ტრაბზონი და ანკარა. ანკარიდან და სტამბოლიდან არის პირდაპირი რეისები, ტრაბზონიდან – სახმელეთო გზა სარფისა და ვალეს მიმართულებით“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.