ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ევროპის 14 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი) 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს. საერთაშორისო კვირეული თსუ 105 წლის იუბილეს ეძღვნება.
კვირეულის გახსნას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნი მიცკევიჩი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საერთაშორისო კვირეული უმაღლესი განათლების სისტემაში ინტერნაციონალიზაციის როლს უსვამს ხაზს. „კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იდეების, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილებათა გაზიარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთობლივი ძალიხსმევით ჩვენს შვილებს უფრო მდგრადი და სამართლიანი მომავალი შევუქმნათ,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტურად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას განიხილავენ.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა: „პერსონალის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გვყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, ის იდეები, რაც კვირეულის მანძილზე მომწიფდება, მომავალში პროექტების სახეს მიიღებს ერაზმუსის, ჰორიზონტი ევროპის და სხვადასხვა საერთაშორისო ჩარჩო პროგრამების ფარგლებში.“
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობენ: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები, ინსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული პერსონალი. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
საფრანგეთის უნივერსიტეტის INSA Rennes-ის წარმომადგენლის იზაბელ ტიბონის თქმით, კვირეული საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. „კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოციდლებას ვიზუარებთ. ვეძებთ ახალ იდეებსა და პერსპექტივებს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით,“ - აღნიშნა იზაბელ ტიბონმა.
საერთაშორისო კვირეული 10 თებერვალს დასრულდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეული, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება. კვირეულის მიზანია ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
2015 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს, სადაც თსუ-ს პარტნიორი 151 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა 28 ქვეყნიდან. ამ პროექტების წყალობით, 2016-2022 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1400-მდე სტუდენტმა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და 500-მდე პროფესორ-მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. ამავე პერიოდში თსუ-მა უმასპინძლა 600-მდე უცხოელ სტუდენტს და 400-მდე პროფესორ-მასწავლებელს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.