ყველას მოვუწოდებ, მშვიდად მიიღონ მოსამართლის გადაწყვეტილება და დაემორჩილონ მას. ეს ყველას ეხება, მეც, გიორგი ცაგარეიშვილს და ყველა სხვა დანარჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სააკაშვილის პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილება უცნობია და მხოლოდ მან იცის რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამას ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და მოვუწოდებდით ყველას, რომ არ ჩარეულიყვნენ სასამართლოს საქმიანობაში, არ მომხდარიყო ზეწოლა მოსამართლეზე. თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი. მუდმივი ზეწოლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ ექსპერტებზე, ექიმებზე და პროცესში ჩართულ სხვა ადამიანებზე, არამედ უშუალოდ მოსამართლეზეც.
ვფიქრობ, რომ დღეს პროცესი დასრულდება, სასამართლო გავა მოსათათბირებლად და მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს. მოვუწოდებ ყველას, რომ ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ მოსამართლეს საშუალება, მიიღოს თავისუფალი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოხმაურებას, მუქარის შემცველ ტექსტებსა და მუშტის მოღერებას, ეს არაა ახალი და მათგან სხვა რამეს არავინ მოელოდა. კუზიანს სამარე გამოასწორებსო, ისეა მათზე ნათქვამი და ვფიქრობ საზოგადოებამ ის მოისმინა, რასაც ელოდა. პოლიტიკური მოღვაწეობისას ისინი არასდროს გამოირჩეოდნენ განცხადებებით, რომელიც მშვიდობას ქადაგებდა ჩვენს ქვეყანაში ან ჰუმანიზმის რაღაც ელემენტარულ ნასახს მაინც შეიცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში არაფერი გამოუვათ. ეს 90-იანი წლებისა და ორიათასიანი წლების დასაწყისის საქართველო არ არის და ჩვენს საზოგადოებასა და ხალხს ძალიან კარგად ახსოვს ყოველი ამგვარი დაპირისპირების შემდეგ როგორ გადავარდებოდა მოუსვლელსა და უფსკრულში ჩვენი საერთო სამშობლო - საქართველო“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება. სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.