„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, 3 და 4 თებერვალს, დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ამბის დრამატურგიის, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლისა და ისტორიად ქცევის შესახებ.

ჟურნალისტებთან ორდღიანი შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელიც მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ. დასასრულს კი, ყველა მათგანს მედიააკადემიისგან სერტიფიკატი გადაეცა.

მედიააკადემია ჟურნალისტებს უკვე მეოთხე წელია, სრულიად უფასოდ, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.