სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციას (GREDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ საგანმანათლებლო-სასწავლო კურსებსა და პროექტებს, ერთობლივ ღონისძიებებს, კონფერენციებსა და სხვადასხვა აქტივობებს.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და GREDA-ს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, პირველ რიგში, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის ხელშემწყობი რეგულაციების შემუშავებას, რაზედაც მუშაობა დაწყებულია სემეკში და, რა თქმა უნდა, ცენტრი გეგმავს ამ კუთხით თავისი წვლილის შეტანას. უმნიშვნელოვანეს კომპონენტად გვესახება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ბაზრის მიმდინარე რეფორმების კუთხით,“ -განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.