გია ვოლსკი: არცერთი ევროპარლამენტარი და ოჯახის წევრი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე - რატი ბრეგაძე მონდომებულია ყველა მათგანზე, ვინც სააკაშვილის მეგობრობას იბრალებს

გია ვოლსკი: არცერთი ევროპარლამენტარი და ოჯახის წევრი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე - რატი ბრეგაძე მონდომებულია ყველა მათგანზე, ვინც სააკაშვილის მეგობრობას იბრალებს

არცერთი ევროპარლამენტარი და ოჯახის წევრი არ გამოჩნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ნუ იზიანებ თავს ამ დონეზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი „კაპრიზებით“ მოქმედებს და არ ასრულებს ექიმის დანიშნულებას.

„სააკაშვილს კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, ყველამ იცის. არ მალავენ და ამბობენ ამას. საჭმელს არ იღებს იმ რაოდენობით და კალორაჟით, რომელიც უნდა მიიღოს. ოჯახს, რომ ეკითხები, რატომ არ მოგაქვს იმ კალორაჟით, გეუბნება, რა ვიცი, ვყიდულობ სადღაც და მომაქვს. ადამიანი, რომელიც არათუ საჭმელს არ იღებს, დანიშნულებას არ იღებს, ექსპერტიზაზე უარს აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ზუსტად შეფასდეს, უფრო მეტიც უარს აცხადებს, ნებისმიერ უცხოელ ექიმზე, რომელსა ჩვენი სისტემა მიიღებს და მიუჩენს მას თუნდაც მკურნალობაში და ექსპერტიზის დონეზე. ახლა ეს ადამიანი არის კაპრიზებით. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, არც ოჯახის წევრი, რომ ნუ იზიანებ თავს ამ დონეზე. ვერ ყლაპავს საჭმელს,თორემ როგორ არ შეჭამდაო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ყველაზე შორის მონდომებულია.

„ხომ შეიძლება, რომ ვინმე აღმოჩნდეს ისეთი ევროპარლამენტში, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობით მართლა იქნება დაინტერესებული, დელეგაციას გამოგზავნის და ეტყვის, რომ მიიღე ის მკურნალობა, რაც დანიშნული გაქვს. ან სულ ცოტა ექსპერტებს გამოგზავნის. შევთავაზეთ, ოფიციალური განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პასუხი რა არის იცით? მაგნიტსკის სიაში უნდა შეიყვანონ რატი ბრეგაძე, ადამიანი, რომელიც, მე მგონი, ყველა მათგანზე, ვინც სააკაშვილის მეგობრობას იბრალებს, უფრო მეტად მონდომებულია“, განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე თავი დაიცვა“ თავს ისე არ დაიზიანებს, რომ ამას ფატალური შედეგი მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, წამყვანის რეპლიკაზე, ხომ ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა, ვოლსკი პასუხობს:

„აბსოლუტურად შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიკრიჭავს და არ გაიპარსავს, მუცელს შეწევს და მითუმეტეს თუ რეზექცია აქვს გაკეთებული და წონა აქვს დაკლებული, ბევრი გვინახავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.