გიორგი მუმლაძე:  ჩვენი მოთხოვნაა, „ვივამედმა“ ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - სირცხვილია, როცა 21- საუკუნეში ექიმის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია

გიორგი მუმლაძე: ჩვენი მოთხოვნაა, „ვივამედმა“ ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - სირცხვილია, როცა 21- საუკუნეში ექიმის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციამ ობიექტური ინფორმაცია უნდა გაავრცელოს იმის შესახებ, როგორია ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველდღიური წონის კლება, ტემპერატურა და ასევე, მდგომარეობის გაუარესება, ადასტურებს იმას, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ „ვივამედმა“ ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს ადამიანის მდგომარეობა. „ვივამედის“ კლინიკას ობიექტური ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს მიხეილ სააკაშვილის რეალური მდგომარეობა. თუ ეს ადამიანი ნამდვილად გადასაყვანია რეანიმაციაში, უნდა გადაიყვანონ, თუ არ არის, მაშინ სრულად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ყველაფერზე. თუმცა, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, მისი ყოველდღიური წონის კლება, ტემპერატურის არსებობა, მდგომარეობის გაუარესება ადასტურებს იმას, რომ ამ კლინიკაში ადამიანის მდგომარეობა უარესდება. შესაბამისად, ის მეთოდი, რასაც მკურნალობის ნაწილში იყენებენ, სავარაუდოდ, ეფექტური არ არის. მე ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. სირცხვილია, როცა 21- საუკუნეში ექიმის განცხადებები ხშირად არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ემსახურება არა იმას, რომ პაციენტის ინტერესებს მოემსახუროს, არამედ იმას, რა ესიამოვნება „ქართულ ოცნებას“, სირცხვილია!“,-განაცხადა მუმლაძემ.