ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს.
რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ფარგლებში მიმდინარე მესამე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ ქვემო ქართლის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.
RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
"ლიბერთი რეგიონებში, ახალგაზრდების ფინანსური განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარების საქმიანობაში. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია ახალგაზრდებს დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხსიმგებლიანი ბიზნეს კომპანიები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის და ლიბერთის სახელით მონაწილეებს ვულოცავთ ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებას. ვფიქრობთ, ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული მონაწილეებს დაეხმარებათ პროექტების წარმატებით განხორცილებაში. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეების მხარდაჭერას - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი.
"რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია სექტორთაშორისი თანამშრომლობა. კერძო სექტორის მონაწილეობა და რესურსების კონსოლიდაცია ყოველთვის ზრდის ინტერვენციის ხარისხს. პროექტის განხორციელების პროცესმაც ცხადყო, რომ სინერგიაზე დაფუძნებული მიდგომებით იქმნება ბევრად მეტი შესაძლებლობა და მდგრადი შედეგები." - უჩა ვარამაშვილი, "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტის დირექტორი.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.
ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
,,მერსი ქორფსის" შესახებ
,,მერსი ქორფსი" არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.