მართლაც არც ერთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მით უმეტეს შიდაპარტიულ არჩევნებში არ უნდა იკადროს მხარემ ისეთი განცხადებები, რომელიც გაკეთდა გუშინ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ გვარებს, მერაბიშვილს, ლორთქიფანიძეს დაჰბრალდა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.
„ნიკა მელიას გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებსაც ჰქონდათ Facebook-კამპანია მთელი საღამოს განმავლობაში, მაგრამ ამ კამპანიას ნათლად უპასუხა დღეს გიული ალასანიამ. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არც ერთი ქართველი არ მოიაზრებოდა ამ წინასწარ დაგეგმილ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და სულ სხვა პირებზე იყო საუბარი. ვფიქრობ, ეს იყო ობიექტური განცხადება, რომელიც გაკეთდა და ამომრჩევლებისთვის თვალში კიდევ დამატებითი არგუმენტაცია იქნება, თუ რატომ არის საჭირო ცვლილებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ხელმძღვანელობაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.
28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.