იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის

„ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2012 წლის შემდეგ ვერცერთი გამოწვევის დაძლევა, ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას და ადამიანების დამშვიდებას იმ თვალსაზრისით, რომ ამას მომავალში ნამდვილად არ გაიმეორებენ, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონია, რომ ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი აუცილებლად მოახდენს გავლენას ამ პარტიაზე. მე ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს არ არის გამარჯვების პარტია. ამ პარტიას არ შესწევს თვითრეფორმირების, თვითრეგენერაციის უნარი. ის დამოკიდებულია ერთ ადამიანზე - მიხეილ სააკაშვილზე. შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის. არჩევნებით ცდილობენ, გადაწყვიტონ, ეს პარტია ვისი იქნება და ეს პარტია არის მიშასი, მიშა კიდევ არის ციხეში, პარალიზებული. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ამბავი „ნაცმოძრაობის“ არასწორი სტრატეგიაა, მაგრამ მთავარი ისაა, იქნება თუ არა ეს საკმარისი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის, რომელიც აქამდე სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ აძლევდა ხმას, რომ ამ ხალხმა გაიხედოს „ნაცმოძრაობის“ მიღმაც“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, რაც ამ პარტიაში ხდება, ეს არ არის სწორი მიმართულება და ამ მიმართულებით სვლას ყველასთვის - მოსახლეობისთვის, სააკაშვილისთვის, პარტიული ლიდერებისთვის - უმჯობესია, რომ ისინი არ იყვნენ გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ პლატფორმის ირგვლივ.

„ხელისუფლებამ მოახერხა ამ პლატფორმის კომპრომეტირება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მუშაობის შედეგად. ამ პარტიამ ვერ მოახერხა 2012 წლის შემდეგ ვერცერთი გამოწვევის დაძლევა, ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას და ადამიანების დამშვიდებას იმ თვალსაზრისით, რომ ამას მომავალში ნამდვილად არ გაიმეორებენ. ასეთი პარტია მხოლოდ არის იდეალური მტრის ხატი „ქართული ოცნების“ ხელში“, - აცხადებს ხვიჩია.