საზოგადოება ისმენდა „ემპათიისგან“, რომ პატიმარი სააკაშვილი უკვე საწოლზეა მიჯაჭვული და რამდენიმე დღეში კი საჯაროდ ხედავდნენ სააკაშვილს, როგორ ეწეოდა სიგარეტს, მათივე ექსპერტის დასკვნით, იღებდა ალკოჰოლს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.
მან „ემპათიის“ მიერ ამ კუთხით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.
„ჩვენ გვახსოვს, „ემპათიის“ ექიმების გამოსვლებიც, რომლებიც საუბრობდნენ სააკაშვილის მომაკვდინებელ დაავადებაზე, ისეთ დაავადებაზე, რომელიც საქართველოში არ იკურნება, რომ ის ვერ დადის და ასე შემდეგ და საზოგადოება შემდეგ ხედავდა აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას. ანუ, საზოგადოება ისმენდა „ემპათიისგან“, რომ პატიმარი სააკაშვილი უკვე საწოლზეა მიჯაჭვული და რამდენიმე დღეში კი საჯაროდ სააკაშვილს ხედავდნენ, როგორ ეწეოდა სიგარეტს, ალკოჰოლს იღებდა, მათივე ექსპერტის დასკვნით, ასევე, ეჩხუბებოდა ექიმებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მიიღო დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი. ურთიერთსაწინააღმდეგო ორი დასკვნა სასამართლოს წარედგინება, სადაც სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.