ჩვენთვის არ არსებობს უფრო ავტორიტეტული, უფრო ძვირფასი და უფრო დიდი თემა, ვიდრე ჩვენი სამშობლოა. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებები, დეზინფორმაცია ვრცელდება, მაშინ ჩვენი უპირველესი მოვალეობა გახლავთ ვინც არ უნდა იყოს და რა არხითაც არ უნდა იყოს გაჟღერებული, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და საქართველოს რეპუტაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მე ადამ კინზინგერისგან, რომელიც ერთ დროს იყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, მოველი, რომ მანაც გააკეთოს შესაბამისი ანალიზი და გამოეხმაუროს იმ დეზინფორმაციას. მისი ქვეყნის ადმინისტრაცია, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ოფიციალურად დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სანქციებს, არ არღვევს ომის დროს საერთაშორისო საზოგადოების მიერ შედგენილ წესებს. საქართველო არ არის და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. რაც შეეხება ბატონ ირაკლი კობახიძეს, მისი საქმიანობა და შედეგები, რომელიც მას აქვს პოლიტიკაში როგორც პარტიის ლიდერს, პირდაპირ აჩვენებს, რომ ის ნამდვილად გახლავთ ახალი თაობის და პროდასავლური პოლიტიკოსი. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმები და ნებისმიერი საკითხი, რაც უკავშირდება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ეხება. არავითარი საფუძველი არ აქვს კინზინგერის განცხადებას და საწყენია ერთ დროს ჩვენი, საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით ეხმიანება საკითხს“, - აცხადებს თალაკვაძე.
ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ის საქართველოს რუსეთის სიყვარულში ადანაშაულებს, საპარლამენტო უმრავლესობაში სიცრუის ტირაჟირების მცდელობად აფასებენ. მმართველ პარტიაში ყოფილ კონგრესმენს ურჩევენ, განცხადების გაკეთებამდე წყაროს სანდოობა გადაამოწმოს.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ-ის" ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფაქტი მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. გავრცელებულ ინფორმაციას „ქრთული ოცნების“ თავმჯდომარემ, კონკრეტული სტატისტიკით უპასუხა.