ირაკლი კობახიძეს მისი ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის დღეს საქართველოში პოლიტიკის ავანგარდშია და ბუნებრივია, დიდი პასუხისმგებლობა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ადამ კინზინგერმა სჯობს თავის კარიერას და მის განვლილ ცხოვრებას მიხედოს.
„ვწუხვარ, რომ ადამ კინზინგერმა ასეთი რამ თქვა, თუმცა მისგან განსხვავებით ირაკლი კობახიძეს მისი ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ის დღეს საქართველოში პოლიტიკის ავანგარდშია და ბუნებრივია, დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ადამ კინზინგერმა სჯობს თავის კარიერას, მის განვლილ ცხოვრებას მიხედოს. თუ მაინც და მაინც უნდა დაეყრდნოს ვინმეს და რომელიმე წყარო გამოიყენოს, აჯობებს გამოიყენოს ის წყაროები, რომელიც ობიექტურია და არა სუბიექტური, რომელთან ურთიერთობაშიც ის შემჩნეული იყო მრავალი წელი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ის საქართველოს რუსეთის სიყვარულში ადანაშაულებს, საპარლამენტო უმრავლესობაში სიცრუის ტირაჟირების მცდელობად აფასებენ. მმართველ პარტიაში ყოფილ კონგრესმენს ურჩევენ, განცხადების გაკეთებამდე წყაროს სანდოობა გადაამოწმოს.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ-ის" ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფაქტი მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. გავრცელებულ ინფორმაციას „ქრთული ოცნების“ თავმჯდომარემ, კონკრეტული სტატისტიკით უპასუხა.