საქართველო ნამდვილად არ გამოიყენება დღეს საიმისოდ, რომ რუსეთისთვის საშუალება გახდეს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ეს ყველასთვის ცნობილია, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ამაზე განცხადებას, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ადამ კიზინგერის განცხადებას.
„ასეთი გავლენიანი მედიასაშუალება [CNN] ამ ფაქტს წარმოაჩენს, როგორც ნამდვილ გარემოებად, ბუნებრივია, ამ გარემოების უარყოფა მოხდება. როდესაც შენი ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი განცხადება კეთდება, მცდარი ფაქტების ტირაჟირება ხდება, რატომ შეიძლება ჩაითვალოს ანტიდასავლურ, პრორუსულ განცხადებად და რუსეთის სიყვარულად, ეს რეაქცია ნებისმიერი მედიასაშუალების მიმართ, ეს აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკურ არგუმენტირებას, აქედან გამომდინარე კიზინგერის მხრიდან ეს შეფასება არის მცდარი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ის საქართველოს რუსეთის სიყვარულში ადანაშაულებს, საპარლამენტო უმრავლესობაში სიცრუის ტირაჟირების მცდელობად აფასებენ. მმართველ პარტიაში ყოფილ კონგრესმენს ურჩევენ, განცხადების გაკეთებამდე წყაროს სანდოობა გადაამოწმოს.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ-ის" ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფაქტი მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. გავრცელებულ ინფორმაციას „ქრთული ოცნების“ თავმჯდომარემ, კონკრეტული სტატისტიკით უპასუხა.