უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს

კირილ ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტიმოშენკოს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

„მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველდღე და ყოველ წუთს კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ქვეყანაში საერთო გუნდის აშენება. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!“ - დაწერა ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დააანონსა.