საქართველოს პრემიერ - მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად გურიაში იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, ასევე შეხვდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.
,,გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, ასევე, დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. პრობლემები და გამოწვევები არის ანალოგიური, ისეთივე როგორიც იმერეთსა და სამეგრელოში. კერძოდ, მოსახლეობის უმეტესობას, დაახლოებით 600-მდე მაცხოვრებელს გურიაში დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ასევე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მინდა განვუმარტო მოსახლეობას, რომ არც ერთი სტიქიის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებელი, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი არ დარჩება მთავრობის მხრიდან დახმარების აღმოჩენის გარეშე,”- ლერი ბარნაბიშვილი.
,,ოთხდღიანი ძლიერი ქარის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. დაზიანებულია დაახლოებით 681 შენობა და სავარაუდო ზარალი არის 5 მილიონი ლარი.
საქართველოს მთავრობის მყისიერი რეაგირებით ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული მიმართულებებით ზარალის კომპენსირება და პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული ინფრასტრუქტურა არ იქნება აღდგენილი“,- გიორგი ურუშაძე.
შეხვედრა გაიმართა, ასევე, რეგიონის მერებთან, სადაც სამივე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და მათ აღმოფხვრაზე იმსჯელეს.