ინგრედიენტები
400 გრამი ნიგოზი
3 კბილი ნიორი
1 ჩ/კ ხმელი ქინძი
1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ დაფქული წითელი პილპილი
50 მლ/ლ წყალი
1 ს/კ ძმარი (სურვილისამებრ)
მარილი გემოვნებით
მომზადება
ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ხელით ისე მოჭყლიტეთ, რომ ზეთი გამოუვიდეს. ზეთი ცალკე ჭურჭელში ჩაასხით და გადაინახეთ. ნიგოზს გატარებული ნიორი, ძმარი და სანელებლები დაუმატეთ.
შეურიეთ 50 მლ ადუღებული და გაგრილებული წყალი და კარგად აურიეთ.
საჭიროებისამებრ, სასურველი სისქის სოუსის მისაღებად კიდევ ცოტაოდენი წყალი შეურიეთ. ბოლოს კი გადანახული ზეთი მოასხით. გემრიელად მიირთვით!
ზოგიერთ ოჯახში ალბათ ახლაც შემორჩენილია ბაჟეს მომზადების ტრადიციული წესები. წინა თაობას რომ ჰკითხოთ, ნამდვილი ბაჟეს გემოს მისაღებად ნიგოზი აუცილებლად სანაყში უნდა დაინაყოს და არა ხორცსაკეპ მანქანაში. დღესდღეისობით, როდესაც დრო ელვის სისწრაფით გადის და დიასახლისის ფუნქციებიც უფრო მეტად გაუტოლდა კაცისას, ბევრისთვის რთულია ძველი წესების დაცვა.