გივი მიქანაძე: ბენ ჰოჯესი ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ დამაზიანებელ კამპანიაში, რათა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას

გივი მიქანაძე: ბენ ჰოჯესი ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ დამაზიანებელ კამპანიაში, რათა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას

ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, როდესაც აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყნის რეპუტაციისა და ავტორიტეტისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, ამ კონტექსტში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

მისი თქმით, ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და მასში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი.

„რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც, რამდენიმე თვეა, საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული, რათა ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, - განაცხადა მიქანაძემ.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება, ქვეყანას უკრაინის მიმართ პოზიციებს უწუნებს და საუბრობს ანაკლიის პორტზეც. ჰოჯესის განცხადება უკვე შეფასდა ომში ჩართვის მორიგ მცდელობად. მას წარსულში გაკეთებული განცხადებებიც გაუხსენეს.