ხალხმრავალ ადგილებში ცივი იარაღის ტარება ამ დრომდეც იყო სამართალდარღვევა, მაგალითად ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება ამ იარაღის ტარებამ განაპირობოს გარკვეული მომატებული რისკები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ ცივი იარაღის ტარებაზე სანქციების გამკაცრებაზე საუბრისას განუცხადა.
„აღმოჩენილია, რომ არის გარკვეული სირთულეები, რაც გამოიხატება სტატისტიკის მატებაში და შესაბამისად, ამ სტატისტიკის რეაგირების მიზნით პოლიციამ და შსს-მ სწრაფადვე მოახდინა ამაზე რელევანტური რეაგირება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. 1-ელი იანვირდან ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.