სააკაშვილის მდგომარეობაზე ინფორმაციას ვისმენ არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდანაც, მათ ხშირად ვეკითხები და ინფორმაცია არის ურთიერთგამომრიცხავი - ერთი ამბობს რომ ის სიმულიანტობს, მეორე ამბობს - სიკვდილის პირასაა, ამიტომ რთულია დასკვნა გავაკეთო, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„მესმის, რომ ეს პოზიციები არის რადიკალური და სიმართლე სადღაც შუაში არის. აქ მთავარია, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს და ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ამ ქვეყანაში, ეს ცხადია. საზოგადოება იმსახურებს, რომ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია როგორ არის და რა კეთდება იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს თუ არ გაუარესდეს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.