ჩემთვისაც უცნაური ხალხია - სიკვდილით დასჯა გაუქმებულია ქვეყანაში და უცნაურობაა, როცა შენ ადამიანზე ამბობ, რომ სიკვდილით დასჯა შევუფარდოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადების შეფასებისას თქვა.
„ჩემთვისაც უცნაური ხალხია, კი. მეც ვამბობ ამას. ჩემთვის უცნაურობაა იმიტომ, რომ ახლა გაახსენდათ, როცა სააკაშვილი სიკვდილის პირასაა მისული და მისი სასიცოცხლო რესურსი ამოწურულია, ეს ხალხი ამბობს, რომ დარიშხანით მოწამლული პრეზიდენტი მიდი, მოკვდეს. არ არის სიკვდილით დასჯა, გაუქმებულია ქვეყანაში და უცნაურობაა, როცა შენ ადამიანზე ამბობ, რომ სიკვდილით დასჯა შევუფარდოთ. ესაა უცნაურობაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ორი დღის წინ აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა: აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?
აქციაზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, „საეჭვო ხალხი“ უწოდა.