თამაზ მოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: შვილმკვდარი მამა ვარ, როგორ ვიფიქრებ და ვიტყვი, რომ ვიღაცას შვილი მოუკალითთქო

თამაზ მოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: შვილმკვდარი მამა ვარ, როგორ ვიფიქრებ და ვიტყვი, რომ ვიღაცას შვილი მოუკალითთქო

სააკაშვილის სიკვდილი გულში არავის გაუვლია. შვილმკვდარი მამა ვარ, როგორ ვიფიქრებ და ვიტყვი, რომ ვიღაცას შვილი მოუკალითთქო, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადების შეფასებისას თქვა.

„სააკაშვილის სიკვდილი არავის გულში არ გაუვლია. რატომ იცით? სააკაშვილის სიკვდილი შეიძლება ბაირამობად ჩათვალონ მისმა თანამოძმეებმა იმ გაგებით, რომ აღარ სჭირდებათ ეგ პიროვნება. შვილმკვდარი მამა ვარ, როგორ ვიფიქრებ და ვიტყვი, რომ ვიღაცას შვილი მოუკალითთქო. ჩვენ შევიკრიბეთ დაზარალებულები, შვილმკვდარი მშობლები, დები, ძმები და ვამბობდით, რომ პრეზიდენტს მივაწვდინოთ ხმა. გაიღო შავი ჭიშკარი და მობრძანდითო, შევედით შიგნით. პრეზიდენტის პირველი სიტყვა იყო, რომ შემომივარდითო. ორი სიტყვით რომ ეთქვა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ასე შემდეგ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ხალხმა შეატყო, რომ ეს პატივცემული პრეზიდენტი სულ სხვანაირად იყო მომართული. უნდოდა რაღაც შეურაცხყოფა მიეყენებინა ხალხისთვის. ეს შეურაცხყოფაა“, - აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა: აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?

აქციაზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, „საეჭვო ხალხი“ უწოდა.