ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო გამშვები პუნქტი -,,ლაგოდეხი“ მოინახულა, სადაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის პროცედურებს გაეცნო.
უწყების ხელმძღვანელმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზურაბ სიჭინავასთან ერთად, ახალი წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, რომ 2023 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების ელიწადი იქნება ყველასთვის,“- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე,,ლაგოდეხი“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოეწყო საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელი.
,,ლაგოდეხის“ განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში.
შეგახსენებთ, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი“, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში 600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 35 მებაჟე ოფიცერი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.