27 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
„საქართველოს ფოსტის“ მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.
„საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული. იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია 350.010 ერთეული.