მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის (ვიდეო)

მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის (ვიდეო)

ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეობრივ ვალს მოიხდიან. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში მდებარე ქართულ ბაზებზე სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობას უზრუნველყოფს.

ავღანეთში დისლოცირებული ქართველი სამხედროებისთვის საარჩევნო უბნების ორგანიზება, საარჩევნო გამოწვევები და სხვა ტექნიკური საკითხები განიხილეს დღეს, თავდაცვის მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ. ირაკლი ალასანიასა და ზურაბ ხარატიშვილს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარის აპოლიტიკურობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ყველა ჯარისკაცი საპრეზიდენტო კანდიდატს საკუთარი შინაგანი ნების მიხედვით მისცემს ხმას. „ამოცანა გვაქვს დასახული, რომ არჩევნები ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მთლიანად დეპოლიტიზირებული იყოს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ, თუ როგორ ორგანიზებას გავუკეთებთ ჩვენს კონტინგენტს ავღანეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ვისაუბრეთ ტექნიკურ საკითხებზეც. სამუშაოზე დონეზე მუდმივი კავშირი გვექნება. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო ავღანეთში შესაძლო საარჩევნო გამოწვევებს, ხმის მიცემის საკითხსა და სპეციალური უბნების ორგანიზებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საპრეზიდენტო არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება.

ცესკო-ს თავმჯდომარესთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ასევე, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. კონსტანტინე ყიფიანი.