გამგეობის 6 თვის ანგარიშის მოსმენა ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელის” თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა, უშუალოდ, გამგებლის ოლეგ იაძისგან მოითხოვა. მან კასპის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს რუსუდან მაზმიშვილს მოხსენების საშუალება არ მისცა. Qartli.gE-მ ვიდეოზე დააფიქსირა ფაქტი, თუ როგორც კარნახობდა ამავე ფრაქციის წევრი შალვა დემეტრაშვილი ხათუნა თათანაშვილს სხდომის ჩაშლის შესახებ: ,,მიდი ჩაუშალე…ჩაუშალე” – ასე მიმართა ფრაქციის წევრმა ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელსაც მის უკან მდგომი სხვა პირებიც მხარს უჭერდნენ. შალვა დემეტრაშვილის გვერდით პარტია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ ბერიანიძეც იჯდა.
სხდომაზე 8 საკითხი გაიტანეს, აქედან მეორე საკითხი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ხოლო მე-7 საკითხი ,,ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” დაშლას ეხებოდა. თუ სხდომა მეორე საკითხზევე ჩაიშლებოდა, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” დაშლის საკითხი აღარ დადგებოდა.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ანგარშის საკრებულოს თავმჯდომარე წარადგენს. ხოლო მომხსენებელი გამგებელია ან გამგებლის ნდობით აღჭურვილი პირი. ხათუნა თათანაშვილმა ანგარიშში მოყვანილ ციფრებზე გამგებლისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. გამგებელი კი პასუხობდა, რომ მის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს რუსუდან მაზმიშვილი გასცემდა.
,,მაინტერესებს, ამ 6 თვეში რატომ შესრულდა გადაჭარბებით ჯარიმა-საურავებიდან შემოსავლები, მაშინ როდესაც სხვა შემოსულობებს ციფრები აკლია? საკმაოდ მცირე შემოსავლებია კერძო პირებისგან და ქონების გადასახადებიდან? ასევე თითქმის შეჩერებულია სოფლის პროგრამები, დასასრულებელია 3 სკვერის მუშაობა, ხოლო სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი სამუშაოებზე გახარჯულია 22 ათასი ლარი, ნაცვლად 619 ათასი ლარისა..” – განაცხადა თათანაშვილმა.
დასმულ კითხვებზე ოლეგ იაძე არ პასუხობდა, ხათუნა თათანაშვილი კი პასუხს უშუალოდ მისგან მოითხოვდა: ,,გამცეს გამგებელმა პასუხი. თუ მოუმზადებელი მოვიდა, გაიტანონ ეს საკითხი უკან და მომზადებული მოვიდეს. ტელეფონის ნომრებს კარგად სცნობს და ციფრები არ იცის?” – ამბობდა თათანაშვილი.
,,შეკითხვების დასმაში ხელს ხომ არავინ გიშლის. მოუსმინე ახლა სამსახურის უფროსს და მიიღე პასუხები. მარტო შენ რომ უბერავ, ეგრე სად არის?!” – უპასუხა ოლეგ იაძემ.
6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი გადასახადებიდან საწარმოთა ქონების გადასახადები შესრულებულია 18%-ით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შესრულდა 38 %-ით. ფიზიკურ პირთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გეგმა განსაზღვრული იყო 30 ათასი ლარით და შესრულდა 1200 ლარით (4%).
,,შემოსავლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი შეადგენს 950 800 ლარს, ტრანსფერი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან დაგეგმილია 2 მლნ 175 000 ლარი, მიღებულია, მხოლოდ, 669 ათასი ლარი. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გეგმა 2 მლნ 747 ათას ლარს ითვალისწინებს, მიღებულია 1 მლნ 373 ათასი ლარი.” – წერია ანგარიშში.
წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ხარჯები უკვე 189 800 ლარის შეადგენს, წლიური გეგმა კი 310 200 ლარს შეადგენს. საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ექვსი თვის შესრულება 41 ათას ლარს შეადგენს, წლიური გეგმა კი 47 500 ლარს შეადგენს. ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოები ამ კუთხით 87% შეადგენს და ა.შ.
ხათუნა თათანაშვილმა გამგეობისგან ფინანსური ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. ეს კიდევ ერთი არგუმენტი იყო საკითხის ჩავარდნის მოთხოვნისა. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ წარდგენილი ანგარიში მაინც დაამტკიცა, ხოლო მომდევნო სხდომაზე გამგეობის შესაბამის სამსახურს დეტალური ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენა დაევალა.
რუსუდან მაზმიშვილს მოხსენების საშუალება არ მიეცა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 90-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას.
რაც შეეხება სხდომაზე წარმოშობილ უწესრიგობას, ამა რეგლამენტში წერია:
მუხლი 66. მე-2 ქვეპუნქტი: საკრებულოს სხდომაზე მონაწილე ან დამსწრე არა საკრებულოს წევრი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი: ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; დ) თუ იგი ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
მუხლი 67. წესრიგისკენ მოწოდება: 1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ. 2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი: ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე; ბ) ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს; დ) სარგებლობს მობილური ტელეფონით ან ხმამაღლა საუბრობს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; ე) ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას.
მუხლი 68. გაფრთხილება; სხდომაში მონაწილე პირს (ანუ საკრებულოს წევრს), რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოეწოდა წესრიგისკენ, თუ იგი აგრძელებს დარღვევას, სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოეცხადება გაფრთხილება.