ოზურგეთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ოზურგეთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ოზურგეთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ მიულოცეს.

„მივესალმები ჩემს ოზურგეთს და ოზურგეთელებს, მივესალმები სრულიად საქართველოს. დიდი სიყვარულით მინდა ასევე მივესალმო და დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ!

მადლობა ყველას, რომ  მიიღეთ ჩვენი მოწვევა და მობრძანდით. დღევანდელი დღე სავსეა სიხარულით. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო!

მიმდინარე წელს ოზურგეთში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ, კვლავ გვექნება პოზიტიური სიახლეები, დაგეგმილი გვაქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და განვაგრძობთ ოზურგეთის განახლებას. მჯერა, მომავალი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და კეთილდღეობის მომტანი!

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ძლიერი მხარდაჭერისთვის! გილოცავთ დამდეგ 2023 წელს!"- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ, მსმენელის წინაშე ირინა ბაირამაშვილი, დათო ლონდარიძე და ჯგუფი ‘’გუფი ლენდი‘’ წარსდგნენ.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.