საქართველოს უნივერსიადის ჩემპიონი ფუტსალში, საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის ლიდერი, გოგონათა გუნდის მე-3 ადგილი, ხოლო ვაჟთა გუნდის მე-2 ადგილი უნივერსიადაზე ფრენბურთში, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალი, თსუ ანსამბლის წარმატებული ტურნეები ესპანეთში, სომხეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - ეს იმ წარმატებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც თსუ სპორტულმა და სახელოვნებო გუნდებმა 2022 წელს მიაღწია.
სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროებში მიღწევებისა და ამ კუთხით თსუ-ში მომავალ წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, „უნივერსიტეტში არსებული ტრადიცია, რომელიც ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს, წარმატებით გრძელდება და მომავალში თსუ სტუდენტებს კიდევ მეტი ხელშეწყობა ექნებათ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ეროვნული საკალათბურთო თუ ფუტსალის ნაკრები გუნდები თსუ სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული, ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხს.“
თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, უნივერსიტეტი მომავალ წელს თსუ სპორტული და შემოქმედებითი ჯგუფებისთვის საჭირო ინვენტარის განახლებას გეგმავს. შეიქმნება სარეპეტიციო სივრცე და ხმისჩამწერი სტუდია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი ნიჭი.
თსუ სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ხარჯავანიძემ თსუ სპორტული გუნდების ხელშეწყობის ხელშეწყობის გაძლიერებასა და მომავალ წელს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე ისაუბრა. „ამავე დროს, ვაპირებთ, დავაარსოთ სტუდენტური თეატრალური კლუბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს თეატრალური სივრცის მაქიმალურ გაჯანსაღებას უნივერსიტეტში, იქნება ეს თეატრალური ფესიტივალების გამართვა, ტალანტების მოძიება თუ სხვა,“- აღნიშნა ირაკლი ხარჯავანიძემ.
კულტურისა და სპორტის მიმართულებით საუნივერსიტეტო მიღწევების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ იმ სპორტული და შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ადმინისტრირებას კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი უწევს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები. ღონისძიების ბოლოს საზოგადოების წინაშე წარდგა უნივერსიტეტის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი და კაპელა.