სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებულს თაკო წულაიას ჯაბა სამუშიამ კონკურსის სპეციალური პრიზი გადასცა ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა „შემოდგომის ლეგენდის“ უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუდენტური კონკურსი ბევრი მონაწილისთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა სამწერლო ასპარეზზე შემდგომი წარმატებისთვის. „შემოდგომის ლეგენდა“ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. 14 წელია ჩვენი უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. ამ ხნის განმავლობაში ათეულობით ახალგაზრდა მწერალს დაულოცა გზა დიდი მწერლობისკენ. დღეს დავაჯილდოვეთ 3 კონკურსანტი, რომელთა ნაწარმოებებიც ჟიურიმ ჩათვალა ყველაზე მნიშვნელოვან პროზაულ ნაწარმოებად. დაახლოებით 300 მონაწილიდან ამ სამმა გაიმარჯვა და მე მათ ვულოცავ ამ გამარჯვებას,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დაჯილდოების ცერემონიას ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები, ჟიურის წევრები, მონაწილეები, ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „ძალიან მიყვარს „შემოდგომის ლეგენდა,“ უკვე მეორე წელია ვმონაწილეობ და ძალიან დიდი გამოცდილებაა მათთვის, ვინც წერს. ასეთი გამოცდილება სხვა კონკურსიდან არ შეიძლება მიიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმპროვიზებული ტურის არსებობა, სადაც ერთად მივდივართ, ვწერთ, შემდეგ ჩვენი კრებული გამოდის. ვფიქრობ, რომ თუ სტუდენტი ხარ და თან წერ, აუცილებლად უნდა სცადო „შემოდგომის ლეგენდაში“ საკუთარი ბედი,“- განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა თაკო წულაიამ.
გამარჯვებული სამეული ლიტერატურულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე, რუსუდან რუხაძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული მარიამ ქავთარაძე.
„ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა მწერლების კითხვა. მეორედ ვარ „შემოდგომის ლეგენდის“ ჟიურის წევრი, მაგრამ როგორც სხვები ამბობენ, ასეთი ძლიერი კონკურსი არასდროს ყოფილა. მართლაც, ძალიან ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, შეიძლებოდა სულ სხვაგვარადაც დალაგებულიყო. ამიტომ მგონია, რომ მთავარი შედეგი ამ კონკურსის არის უკვე დაბეჭდილი წიგნი, რომელშიც ფინალისტების ნაწარმოებები დაიბეჭდა. ხოლო ის, თუ ვინ არის პირველი, მეორე ან მესამე, ძალიან სიმბოლურია, თუმცა მათთვის სასიამოვნოა, ალბათ,“-აღნიშნა ჟიურის წევრმა, მწერალმა არჩილ ქიქოძემ.
ფინალურ ტურში მონაწილეები ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „მეზობელი“ თორმეტი საათის განმავლობაში კახეთში, „შუხმანის მამულში“ ქმნიდნენ. კონკურსის საპრიზო თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდა.
„ვთვლით, რომ ყველა გამარჯვებულია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამი ადგილი გამოვავლინეთ, ძალიან კარგი ნაკადი იყო, ყველა ძალიან კარგი მოთხრობა იყო, ამიტომ ცოტა გაგვიჭირდა საუკეთესოს გამოვლენა, კიდევ ერთხელ დაგვწყდა გული, რომ არ გვქონდა 4 ადგილი და გვქონდა 3 ადგილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ მონაწილეებს და მიხარია, რომ შემოდგომის ლეგენდა გრძელდება, არსებობს ისევ ეს ლიტერატურული კონკურსი გამორჩეული თავისი სტაბილურობით, თავისი ერთგულებით და ველოდებით მომავალ ნაკადს, “-ასე შეაფასა „შემოდგომის ლეგენდა 2022“ მწერალმა მაკა ლდოკონენმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო, რომელთაგან 10 ფინალისტი „შუხმანის მამულში“ გაემგზავრა და იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნა.
10 ფინალისტის მოთხრობა უკვე დაიბეჭდა ლეგენდის კრებულში, რომელიც დაჯილდოებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.