საქართველოს ახალაგზარდული პარლამენტის, ადმინისტრაციის წევრი შალვა საბაური, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლებს ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას დაკავებულები სამართალდამცველებს.
"ვიდეომასალაზე აღბეჭდილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის კადრები, რაც გულისხმობს სამართალდამცავთა უშვერი სიტყვებით მოხსენიებას, ეს ეწინააღმდეგება ყოველგვარ სამართლებრივ თუ ზნეობრივ პრინციპებს. ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოყვეს სწრაფი რეაგირება და უნდა დადგეს დამნაშავე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ამასთანავე აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ იყო სამართალდამცველთა მიერ აღნიშნული აგრესიის სტიმულირება, ან შეურაცხყოფის შემდგომი ანგარიშსწორება, მაგრამ დაკავებულებმა წამოყენებული პრეტენზიის (სამართალდამცველთა მხრიდან შეურაცხყოფა) ნამდვილობის დასამტკიცებლად რატომ არ მიმართეს სამედიცინო ექსპერტიზას. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა რომ გამოძიების დეტალები ერთ კვირაში გახდება ცნობილი, შესაბამისად საზოგადოება ამ ფაქტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს." - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შალვა საბაურმა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ქობულეთში პოლიციის მიერ სამი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შეხვედრა სამინისტროში გამართა. შეხვედრას 10-მდე არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა სამი ახალგაზრდა პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობისთვის მიმდინარე წლის 25 მაისს დააკავეს. სასამართლომ კი ისინი 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.