სოფელ ფერმაში მცხოვრებს, ყოფილ პატიმარს ნატალია ბადალიანცს პოლიციის თანამშრომლები სისტემატიურად აკითხავენ და აწუხებენ. ამის შესახებ Qartli.gE-ს ბადალიანცის დედამ მარიამ ილიაევმა განუცხადა. ყოფილმა პატიმარმა, ამჟამად, საქართველო დატოვა და დისშვილთან ერთად თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მას ტელეფონით ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ სამშობლოში დაბრუნებისას პოლიციელები მას კვლავ შეაწუხებენ.
,,ციხიდან 2013 წლის თებერვალს გამოვედი. ამნისტიის შესახებ კანონით გავთავისუფლდი ყოველგვარი პირობითის და რაიმე მსჯავრის გარეშე. მის შემდეგ მოდიან სახლში პოლიციელები, მკითხულობდენ, ეკითხებიან ჩემი ოჯახის წევრეს სად ვარ, რას ვაკეთებ და ა.შ. ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ” – ამბობს ნატალია ბადალიანცი.
ბადალიანცმა ქალთა საპატიმროში 5 წელი გაატარა. ის ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული და 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით საკუთარ პატიმრობას აპროტესტებდა. 2010 და 2011 წლებში კოლონიაში რამდენჯერმე შიმშილობა გამოაცხადა. მის შემდეგ ის პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღების ქვეშ მოექცა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბადალიანცების ოჯახს სახლში სოფელ ფერმაში ესტუმრა. ყოფილი პატიმრის დედა მარიამ ილიაევი და და, მაია ილიაევი დეტალურად ყვებიან იმ მდგომარეობის შესახებ, რასაც მუხრანის პოლიციის თანამშრომლები ბადალიანცის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აკეთებენ:
,,როდესაც ნატალია ციხიდან გამოვიდა, ნახა, რომ ოჯახი გაჭირვებულ მდგომარეობაშია, არანაირი სამუშაო და ცხოვრების ნორმალური პირობები არ გვაქვს. გადაწყვიტა, რომ სამუშაო ქვეყნის გარეთ ეძებნა. პარალელურად, მუხრანის პოლიციის თანამშრომლები აწუხებენ, მოდიან, ურეკავენ, კითხულობენ. მიუტანა ნატალიამ მათ შესაბამისი საბუთები, გათავისუფლების გადაწყვეტილებებები, რომ მას აღარაინი პირობითი მსჯავრი აქვს. თუ რამე კითხვები გექნებათ, ჩემს ადვოკატს გელა ნიკოლაიშვილს დაეკონტაქტეტო. გააფრთხილა კიდეც პოლიციელები, რომ სამუშაოდ ქვეყნის გარეთ მიდიოდა. ის სამუშაოდ წავიდა და ჩემი შვილიც გავაყოლე, დიასახლისად მუშაობს ანტალიაში. დრო და დრო სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ, ხოლო შიშის განცდა გვაქვს ამ ზედმეტი მოკითხვების პოლიციელების მხრიდან” – ამბობს მარიამ ილიაევი.
მაია ილიაევი იმ მძიმე 5 წლიან პერიოდს იხსენებს, როდესაც ნატალია ბადალიანცი პატიმრობას გადიოდა:
,,ცალკე თემაა ის ბრალდება, რაც მას წაუყენეს. საქმეში რომ ჩაიხედოთ, იმდენად აბსურდულ საქმეზე წაუყენეს ტრეფიკინგის ბრალდება, რომ წარმოუდგენელია პროტესტი არ გასჩენოდა. სწორედ, თავის უკანონო პატიმრობას აპროტესტდებდა 5 წელი ჩემი და. ხან შიმშილობდა, ხან აქციებში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ქალთა კოლონიის პატიმრები აწყობდნენ. ვერ ეგუებოდა ამ უსამართლო განაჩენს. სამწუხაროდ, 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივ სასამართლოებში სამართალს ვე მივაღწიეთ” – აცხადებს მაია ილიაევი.
ბრალდების მიხედვით ნატალია ბადალიანცმა ერთ-ერთი გოგონა მოტყუებით თურქეთში წაიყვანა სამუშაოდ, ფული გამოართვა, რომელიც აღარ დაბრუნა. მაია ილიაევი ამბობს, რომ ის გოგონა, რომელმაც ნატალია ბადალიანცს უჩივლა, სხვისი ყალბი პასპორტით საზღვარზე თავად გადავიდა. ,,სამწუხაროდ, იმ საქმეზე არავის დაუსჯია ის მესაზღვრე, რომელსაც ის მომჩივანი გოგონა გადაჰყავდა საზღვარზე; როგორც მიიღო ყალბი პასპორტი ბოლნისის საჯარო რეესტრიდან, არც ის არავის გაურკვევია. ამაზე ცალკე ჟურნალისტური გამოძიებაა ჩასატარებელი” – აცხადებს მაია ილიაევი.
ნატალია ბადალიანცის ოჯახი ითხოვს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შეწყდეს უკანონო სატელეფონო ზარები და მიკითხვები. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მასალები შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს მიაწოდა.