პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს. როგორც მეუფე იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ცალკეული ადამიანები ცდილობენ, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები განსხვავებული რწმენის ქართველები ერთმანეთს გადაამტერონ, თუმცა, ეს არ გამოუვათ.
მეუფე იაკობმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და აჭარაში სტუმრობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარელმა მუსულმანმა ქართველებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. მეუფემ მათ დამოკიდებულებას საოცარი უწოდა და გაიხსენა ერთი მუსულმანი აჭარელის სიტყვები, რომელმაც, მისი თქმით, აღნიშნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა.
"მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რატომ იქადაგა პირველად აჭარაში ანდრია პირველწოდებულმა. ის ადამიანი ამბობდა, ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა და ერები ღვთის სასწაულებით ხდებოდნენ ქრისტიანებიო. ის არ არის ქრისტიანი, მაგრამ რამხელა შინაგანი კულტურა და სუფთა სინდისი აქვს, რომ ამას ხედავდეს. იგი ამბობდა, ჩვენ აჭარლები იმიტომ მიმოგვაბნია უფალმა, რომ ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუდეთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ ის ადამიანებიო. ენა ვერ აღწერს, როგორი სიტუაცია დაგვხვდა იქ. ჩვენ გვაერთიანებდა ჩვენი ქართველობა. ბევრი ცდილობს, კუთხური დაყოფა მოახდინოს, მაგრამ მაქვს ღვთის და ხალხის სიბრძნის იმედი, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი ხალხი ცდილობდეს ამას, მაინც ვერ შეძლებს. ერი ამის უფლებას არ მისცემს თავისი ქმედებებით", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა სამთაწყაროში ინგილოების მიპატიჟებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ დიდი ძნელბედობა აქვთ გამოვლილი. მეუფის ინფორმაციით, სოფლიდან წასულია ის ოჯახი, რომელიც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების არსებობის წარმოსაჩენად გამოიყენეს.
"სოფლიდან წასვლამდე იმ ოჯახს უთქვამს – მოგვატყუეს, გამოგვიყენესო. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ: - ბატონებო! ნიგვზიანში არ გამოგივიდათ!, ცივწყაროში არ გამოგივიდათ!, შერცხვით!. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ყოველივე ამას გეგმავს, მაგრამ არ მინდა, ხმამაღლა ვთქვათ, იქნებ ცოტა შეინანონ. ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს აქვს იმუნიტეტი თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ზოგი სად მუშაობს, ზოგი - სად. ხომ შეიძლება, დასხდეთ და თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგზე იფიქრეთ. გააკეთეთ პირველი სიკეთე თქვენი ერისთვის და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში", - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობის თქმით, ქართველები ქართველების დაყოფას ცდილობენ და ეს სამარცხვინოა. "სინამდვილეში არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე. მხოლოდ იმას ფიქრობთ, როგორმე მუდმივად იყოთ თანამდებობაზე და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენს გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. დაფიქრდით, იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ! ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში!. საქართველოს ნუ ხდით აბუჩად ასაგდებს. უცხოელები ჩვენზე ვერ უნდა ბედავდნენ რაღაცეების ლაპარაკს! ეს არის ერის ღირსების შეურაცხყოფა! ომის მოგება რომელიღაც ქვეყანასთან არ შეგიძლიათ და ღმერთს გინდათ მოუგოთ?! გონიერება გეყოფათ?! საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე! თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ!", - ბრძანა მეუფე იაკობმა.
როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ერთი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა კვლევებს და ერთ-ერთი ასეთი კვლევა რამდენიმე დღის წინაც გამოქვეყნდა.
"ამ კვლევაში იყო კითხვები უშუალოდ სამღვდელოებაზე. 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ?! 100 000 კაცი იყო ქუჩაში. ეს ერის შეურაცხყოფაა! მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენს გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რაღატომ ურევთ?! ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ. სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით! ჩვენ გპატიობთ, იქნებ მართლა დაფიქრდეთ, ერთი კონკრეტული სიკეთე გაუკეთოთ ქვეყანას, იქნებ მოგეწონოთ მერე, შეიცვალოთ და ადამიანებს დაემსგავსოთ, ადამიანის მარტო ტანსაცმელი ფორმა რომ არ გქონდეთ!", - ბრძანა მეუფემ.
როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, საქართველოს მისამართით დღეს ხშირად ისმის კრიტიკა ამერიკიდან, ისევე, როგორც წარსულში - საბჭოთა კავშირიდან. მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, იმპერიის რომელ ცენტრში დაიწყებენ საქართველოს ლანძღვას, რადგან საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ღირსებებით უნდა წარდგეს.
მეუფე იაკობმა უფლებადამცველებსაც მიმართა და ურჩია, დაფიქრდნენ, იცოდნენ რას იცავენ. "უფლებადამცველობა და იურისტობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრება?! რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ?! ვის წინააღმდეგ მივდივართ?! ეკლესიას არასოდეს მოუწერია ხელი ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაზე. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ძალიან ცდილობენ, ჩვენც დაგვიყოლიონ, რომ ის უფლება, რაც გვაქვს, სხვას გადავცეთ. იმის მაგივრად, რომ გვერდით გვედგეთ, ასე გვირტყამთ. შერიგება რომ მოხდეს და ერთად ცხოვრება გვიხაროდეს, შესაბამისად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. დაფიქრდით, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც კარგის კეთება შეუძლია საკუთარი თავისთვის, ქვეყნისა და ხალხისთვის. სამთაწყაროში ყოფნისას რელიგიას მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ საქართველო ერთიანი იყო. ჩვენ ქართველობა გვაერთიანებდა და ვერაფერი გვყოფდა. კარგი იქნება, ეკლესიაში ვიაროთ ხოლმე, მადლს წავიღებთ, ვისწავლით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, წყვდიადში ხომ არ უნდა დავრჩეთ?! ყველას შეაძლებინოს უფალმა, ერს ემსახუროს! მაბეზღარების ერი რა ერია ან იმან რა უნდა დამარიგოს, წელიწადში ერთხელ რომ ჩამოდის!", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.