ZZ Top - მუსიკალური ენციკლოპედიების ტეხასური დამაგვირგვინებელი

ZZ Top - მუსიკალური ენციკლოპედიების ტეხასური დამაგვირგვინებელი

იშვიათია კაცი, მხოლოდ რომ აქებდნენ და მასზე აუგის მთქმელი არ არსებობდეს და წარმოიდგინეთ რაოდენ იშვიათი უნდა იყოს როკ ჯგუფი, რომელიც კეთილი ემოციების გარდა, სხვა არაფერს აფრქვევდეს ირგვლივ, უყვარდეს ყველას და ყოველ შემთხვევაში არასოდეს ლანძღვის ღირსი არ გამხდარიყოს არც სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულთა, არც მუსიკოსების მხრიდან.

ZZ Top ყოველმხრივ გამორჩეული ჯგუფია. დავიწყოთ იმით, რომ სახელწოდებიდან გამომდინარე, 1972 წლიდან მოყოლებული, იგი დამაგვირგვინებელია მე-20 და 21-ე საუკუნეების ნებისმიერი პოპ მუსიკალური ენციკლოპედიისა, რადგან ერთი წლით ადრე ჩაწერილი ZZ Top's First Album სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ამ კოლექტივის სახით, სამომავლოდ უმძლავრესი ბლუზ როკ კოლექტივის განჭვრეტისათვის.

ტეხასური ტრიო 1969 წელს ჩამოყალიბდა და მის საწყის შემადგენლობაში მომავალი ZZ Top-ის გმირთაგან მხოლოდ გიტარისტ ბილი გიბონსის სახელი ფიგურირებს. მალე გიბონსის ყოფილ ჯგუფ American Blues-დან ZZ Top-ში დრამერი ფრენკ ბირდიც  გამოჩნდა, ბას გიტარისტი დენ მიჩელი დასტი ჰილმა ჩაანაცვლა და ტრიო 1969 წლიდან უცვლელი შემადგენლობით, დღემდე იპყრობს ასიათასობით თაყვანისმცემელთა გულებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, როკ მენებით დაწყებული, ბლუზ მენებით დასრულებული.

მაინც რა არის ZZ Top-ის გრანდიოზული წარმატების საიდუმლო. მას ხომ გამოხატული ფანები თითქოს არც ჰყავს, როგორც ვთქვათ სხვა ისეთ ამერიკულ ჯგუფებს, როგორიცაა Metallica, Kiss თუ Bon Jovi.

ალბათ საიდუმლოს ადვილად ამოვხსნიდით, თუკი განვიხილავდით ZZ Top-ს შემოქმედებითი შტრიხებით დაწყებული, სასცენო იერით დამთავრებული.

მიუხედავად საკმაოდ მარტივი და ერთფეროვანი მუსიკალური ხელწერისა, რომელიც მყარად ეყრდნობა ტეხასურ ბლუზსა და როკ’ნ’როლის დრაივითაა გაჯერებული, ZZ Top ყოველთვის გამოირჩევა თვითმყოფადობით, სიმტკიცითა და ურყევობით როკ მუსიკალური საფუძვლებისადმი და ეს გრძელდება უკვე ლამის 45 წლის განმავლობაში. ZZ Top არასოდეს ყოფილან ჰიპები, პანკები, თუ ჰეროინით გაჯერებული მილიონობით თაყვანისმცემლის კუმირები. ZZ Top მხიარული და უბრალო ტრიოა, რომელიც მხნე და ჯანსაღი რეპერტუარით, ყოველთვის ქადაგებდა  ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვინილის თუ კომპაქტ ალბომებიდან, სცენიდან თუ ვიდეოებიდან.

ჰარდ-ბუგი - იუმორით გაჯერებული სადებიუტო ZZ Top's First Album მხოლოდ საავტორო სიმღერებისაგან შედგებოდა, რაც ვარგისიანობის შემთხვევაში  პრაქტიკულად წინაპირობად უნდა ქცეულიყო იმ თვითმყოფადობისა, რაც ასე გამოარჩევდა ჯგუფს როგორც ინგლისური, ასევე ამერიკელი კოლექტივებისაგან.

პირველი ორი ალბომის მიხედვით ZZ Top-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მიიპყრო რა უამრავი ადამიანისა და კრიტიკის კეთილგანწყობა ძალზედ რთული კონკურენციის პირობებში. მაშინ, როდესაც ამერიკაში ასობით ადგილობრივი ჯგუფის დიდ პოპულარობასთან ერთად, მათ Led Zeppelin-ისა თუ Rolling Stones-ის სახით, ძველი კონტინენტიდანაც დახვდათ ბუმბერაზი მეტოქეები, საჭირო იყო რაღაც ახალი ფორმით თაყვანისმცემელთა მიზიდვა. ბილი გიბონსმა და მეგობრებმა ასეთი ფორმის ნაწილად ექსტრავაგანტული გარეგნული იერი (რაც გამოიხატებოდა მიმაგრებულ წვერებსა თუ სათვალეებში) გამონახეს. სამეულიდან „უწვერული“ მხოლოდ დრამერი Beard  (თარგმანში წვერი) დარჩა, რომელიც ულვაშებით შემოიფარგლა.

შექმნილ სიტუაციაში ZZ Top ძალიან ფრთხილად და პრაგმატულად შეუდგა უაღრესად მხიარული და მსუბუქი რეპერტუარის დახვეწას. უკვე 1973 წლის მესამე ალბომ Tres Hombres-ში (ესპანურად სამი კაცი), გამოჩნდა ჯგუფის მომავალი სავიზიტო ბარათი La Grange, რომელიც გარდა იმისა, რომ დღესაც წარმატებული საკონცერტო ნომერია ტრიოსთვის, თვით G3-იც (სატრიანი, ვაი, მალმსტინი) კი ასრულებს ჯიმი ჰენდრიქსის Woodoo Chile-სა და Deep Purple-ს Smoke on The Water-ის გვერდზე გიტარ-ვირტუოზობის წარმოსაჩენად პუბლიკის წინაშე.

აქ უკვე საბოლოოდ ვხვდებით, რომ ბილი გიბონსის სახით, საკმაოდ წონად გიტარისტთან გვაქვს საქმე, რადგან მისი ბლუზური ხელწერა მხედველობის არიდან ასეთ „მხეცებს“ არ გამორჩენიათ. თუმც, ეს ალბათ ბევრი არაფერია ერიკ კლაპტონის რევერანსებთან შედარებით, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორმა და სცენაზე ერთადერთმა ინგლისელმა გიტარისტმა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოაწყო რა სადებიუტო Crossroads Guitar Festival (რომელიც მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება), ისეთი შემსრულებლების გვერდზე, როგორიცაა ბი ბი კინგი, სანტანა, მაკლაფლინი, ბადი გაი, ჯეი ჯეი ქეილი, პეტ მეტენი, ჯო უოლში თუ სხვანი, სცენაზე ბოლო აკორდი ZZ Top-ს ააღებინა. რა თქმა უნდა აქ გამართლებამაც იჩინა თავი, რადგან ფესტივალი ტრიოს სამშობლოში ჩატარდა და კლაპტონის ამგვარ ნოტაში პატივისცემა იგულისხმებოდა ადგილობრივი პუბლიკის მიმართ, მაგრამ ამასაც ხომ მიღწევა უნდოდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ZZ Top-ის დამსახურებაა.

ფესტივალზე მათ ზემოთხსენებულ La Grange-თან ერთად, Tush შეასრულეს. ეს როკ’ნ’როლი ZZ Top-ის რიგით მეოთხე ალბომ Fandango-ს აბოლოვებდა. ალბომს ორი ქავერი - ჯერი ლეიბერისა და მაიკ სტოლერის Jailhouse Rock და საკონცერტო გამხსნელი, 1950-იანების Thunderbird სძენდა ეკზოტიკურ ხასიათს. Fandango-ს ჭეშმარიტ მშვენებად კი Blue Jean Blues იქცა. გიბონსის დაკვრა აქ ბლუზ გიტარის სრულ განსწავლულობაზე მიგვანიშნებს.

შედარებით უფერული Tejas-ის შემდეგ, ჯგუფმა სამწლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო და როკ სამყაროს 1979 წელს გახმაურებული Degüello-თი დაუბრუნდა.  ჟღერადობაც თანდათან იხვეწებოდა და რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი, ZZ Top-ის განუმეორებელ ხელწერაზე, უკვე საბოლოოდ გვაფიქრებინებს. ალბომი პლატინისა შეიქმნა და ბილ ბორდის ჩარტებში 24-ე ადგილს მიაღწია. 

საინტერესოა, მაგრამ ZZ Top -თვის ყველაზე საინტერესო პერიოდად 1980-იანი წლები იქცა. ამას დიდწილად შეუწყო ხელი კლიპების ინდუსტრიამ, რასაც როკ ჯგუფები მაინცდამაინც ვერ ერგებოდნენ. ZZ Top-ის გარეგნული იერი განსაკუთრებული ეფექტით აისახა 1983 წლის ალბომ Eliminator-დან ისეთი პოპულარული სიმღერების კლიპებში, როგორიცაა Gimme All Your Lovin და Legs. ამ უკანასკნელმა MTV-ის წლის საუკეთესო ჯგუფური კლიპის ნომინაციაშიც კი გაიმარჯვა.

მაგრამ გარდა იმისა, რომ 1980-იანი წლების სინთეზატორული ჟღერადობა თვით მუსიკოსებისთვისაც მომაბეზრებელი ხდებოდა, 1990-იანები ZZ Top-ს კვლავაც გიტარულ ბლუზური ჟღერადობის აღდგენისაკენ მოუწოდებდა. RCA Records-თან 35 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის გაფორმებას, შედეგად 1994 წელს Antenna, 1996 წელს  Rhythmeen and 1999'-ში XXX მოჰყვა.

ამ ბოლო ხანს სცენის ვეტერანების აქტივობამ შედარებით იკლო და 2003 წლის Mescalero-ს შემდეგ, ჯერჯერობით ბოლო ალბომი La Futura, ZZ Top -მა შარშან ჩაწერა. La Futura -ში ყველაფერი ტრადიციულადაა ესპანურ ენოვანი სახელწოდებით დაწყებული, როკ’ნ’როლის სულისკვეთებითა თუ წვერ-სათვალე-კოვბოის ქუდით დასრულებული. საინტერესო ისიცაა, რომ ალბომის  ქრონომეტრაჟიც ვინილის დისკზეა მორგებული და 10 სიმღერის ჯამური ხანგრძლივობა სულ რაღაც 40 წუთს აღწევს. რა არის ახალი რიგით მე-15 სტუდიურ ალბომში? მხოლოდ ოთხი ათწლეულის უნიკალურ ჟღერადობაზე მორგებული განახლებული ტექნოლოგიები, სადაც ჰამონდ B3-იც გამოსჭვივის ხოლმე...