ბათუმში კონფერენცია სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" მიმდინარეობს. კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრიც მონაწილეობს. ბათუმში იმყოფება ასევე, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე.
დღეს ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვა, სადაც ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს კონფერენციის მნიშვნელობა შეაფასა: „ეს არის უაღრესად მაღალი დონის შეხევდრა, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპული არჩევანის წარმოჩენას. მე მოვიშველიებ ბატონი ფულეს გამოსვლას, რომელმაც თქვა, რომ მითი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო აღარ მიდის ევროპულ გზაზე დამსხვრეულია. ყველამ კარგად იცის ევროპაში, რომ ჩვენ ვართ სერიოზული პარტნიორები ევროპის, აქვთ ჩვენი იმედი, გვენდობიან და დღევანდელი გამოსვლა პრემიერ-მინისტრისაც, ბატონი ფულესიც, ალექსი პეტრიაშვილის იყო სწორედ მიძღვნილი იმაზე, რომ საქართველოს ევროპული გზა არის უალტერნატივო. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროგაერთიანების არა მარტო ეკონომიკური, პოლიტიკური შემადგენელის თანამონაწილე, არამედ სამხედრო და უსაფრთხოების კუთხითაც.“
ირაკლი ალასანიამ დღეს კომენტარი ევროპული ლიდერების შეფასებებზეც გააკეთა, სადაც ისინი ISAF-ის მისიაში ქართველების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობენ: „არამარტო ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობენ ამაზე. ეს არის ძალიან მაღალი შეფასებები, რომელსაც ვისმენთ არა მარტო ნატოს და ევროკავშირის სამხედრო პირებისგან, არამედ უკვე პოლიტიკური ლიდერებისგან. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო არის სერიოზული პარტნიორი ევროპისთვის და მომავალი სამიტები, ისევე როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოსი მომავალ წელს გაითვალისწინებს და აღნიშნავს საქართველოს თანამონაწილეობის ამ განსაკუთრებულობას".