დღეს ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ

დღეს ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ

დღეს ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

მანამდე პოლონეთის მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა სწავლობს, არის თუ არა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი.

აღნიშნული მუხლი ამბობს, რომ მხარეები გამართავენ ერთობლივ კონსულტაციებს, როდესაც რომელიმე მხარის აზრით, საფრთხე ემუქრება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

„დღეს მოხდა აფეთქება, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სპეციალური სამსახურები ადგილზე მუშაობენ. პროცედურები დასრულებულია, მიღებულია გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების შესახებ“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა.

მანამდე სააგენტო Associated Press-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომლის აფეთქებასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.