კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრები ნოდარ ისმაილოვი, ლეილა ჰუსეინოვა, ანზორ ნურიევი და სხვები კოალიცია ,,ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაციის წევრს ვეფხია შუკაკიძეს მიწების წართმევაში ადანშაულებენ. ამის შესახებ Qartli.gE-ს ფერმის მოსახლეობამ განუცხადა. სოფელ ფერმაში ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს. ვეფხია შუკაკიძე კი სოფელ ოკამის მკვიდრია, რომლის ტერიტორიულ ორგანოში სოფელი ფერმა შედის.
ნოდარ ისმაილოვის თქმით, ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ვეფხია შუკაკიძემ დაისაკუთრა, მფლობელობაში 1995 წლიდან გააჩნია. ,,ჩვენ გაგვაჩნია მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც 1995 წლითაა დათარიღებული. ერთი თვის წინ ვეფხია შუკაკიძემ ეს ჩვენი მიწის ნაკვეთები დაისაკუთრა. შეადგინა რაღაც ნახაზები და სარგებლობაში მიიღო.” – აცხადებს ნოდარ ისმაილოვი. ანალოგიურს სხვა ფერმელებიც აცხადებენ. მათი თქმით, ვეფხია შუკაკიძე კოალიცია ,,ქართული ოცნების” სახელით სარგებლობს, კერძოდ, მის უკან ადგილობრივი ორგანიზაციის რამაზ ბერიანიძე დგას.
ვეფხია შუკაკიძე აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც ფერმაში დაირეგისტრირა, არავის საკუთრება იყო: ,,როდესაც მიწების განაწილება მიმდინარეობდა, რაღაც კატეგორიის მიწები გაუნაწილებელი დარჩა. მაშინდელ კომისიის წევრებს ვინც იყვნენ, მხედველობაში ჰქონდათ, რომ მიწები ჩემთვის გადმოეცათ. 15 წლის განმავლობაში ეს მიწები ვერ დავირეგისტრირე, მხოლოდ ახლა მოვახერხე ამის გაკეთება” – აცხადებს შუკაკიძე.
კოალიცია ,,ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ ბერიანიძე აცხადებს, რომ თუ დამტკიცდება მიწების უკანონოდ დარეგისტირება, შუკაკიძე პარტიიდან გაირიცხება.