სარფსა და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

სარფსა და წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,წითელი ხიდი", სამართალდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა - 278,6 გრამი) და ვერცხლის (წონა 2124,04 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 833,03 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს ე.მ.-სა და კ.მ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 358,23 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამართალდამრღვევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ტ.კ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.