სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე დასრულდა

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 23-ე კორპუსთან, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსთან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის N51-სა და წერეთლის გამზირის N128-თან მდებარე სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოსახლეობასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ჯორჯიან ინვესტმა“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 034 ლარი გამოიყო.