GM PHARMA-მ ესპანური ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტის საქართველოში წარმოების ლიცენზია მოიპოვა

GM PHARMA-მ ესპანური ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტის საქართველოში წარმოების ლიცენზია მოიპოვა

ქართულ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-სა და ევროპულ კომპანია Combino Pharm-ას შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. „Know-how“-ს გადმოცემის ხელშეკრულება. Combino Pharm-ი ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Medichem-ს (https://www.medichem.es), რომელიც სპეციალიზდება მყარი სამკურნალწამლო ფორმების შექმნასა და წარმოებაში. Medichem-ი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში, საკუთარი ბრუნვის 10%-ს ხარჯავს ახალი მედიკამენტების კვლევასა და განვითარებაში (R&D), გააჩნია წარმოებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა (EU GMP, US FDA), ფლობს რამდენიმე R&D ცენტრსა და ფარმაცევტულ საწარმოს ევროპაში.

აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში GM PHARMA უფრო სწრაფად დანერგავს თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალურ კარდიოვასკულურ პრეპარატებს საქართველოსა და მის საექსპორტო ქვეყნებში, რაც ექიმებსა და პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს.

ამ ტიპის ტექნოლოგიური ტრანსფერისა და „know how“-ს გაზიარებით GM PHARMA გამოიყენებს Medichem-ის ინოვაციური მედიკამენტების შექმნის წარმატებულ R&D ექსპერტიზას.

როგორც GM PHARMA-ს მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO) ბ-ნი ლევან ვარდუაშვილი აცხადებს, ევროპული კომპანიიდან ტექნოლოგიური ტრანსფერი და წარმოების ლიცენზიის მოპოვება უპრეცედენტოა არა მარტო ქართული, არამედ სამხრეთ კავკასიის ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის. ამ ტიპის ბიზნეს-თანამშრომლობა GM PHARMA-ს საშუალებას მისცემს დაარეგისტრიროს მის ფარმაცევტულ ქარხანაში წარმოებული მედიკამენტები ევროკავშირის ქვეყნებში, მოიპოვოს ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი (EU GMP) და აქტიური ოპერირება დაიწყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.