ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის წინაშე

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის წინაშე

რუსეთის ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის წინაშე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილებას ბლოკავს, რითაც აფრიკის მილიონობით მცხოვრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლა კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ როგორ აშანტაჟებს რუსეთი მსოფლიოს შიმშილით.

მოსკოვმა შეაჩერა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან 9 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გავიდა ექსპორტზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაბლოკა 2 მილიონ;ი ტონა მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც უკვე 176 გემზეა დატვირთული. „ეს მარცვლეული საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად“, - აცხადებს კულება.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, „მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში“ დაბრუნდეს.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს კოლეგებთან მოსკოვსა და კიევში, რათა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ განახლდეს.