დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში: რუსეთს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ე.წ. ბინძურ ბომბებზე, ქიმიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევებზე, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს სისულელე?

დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში: რუსეთს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ე.წ. ბინძურ ბომბებზე, ქიმიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევებზე, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს სისულელე?

რუსეთს კიდევ ერთი ბრალდება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში სამხედრო ბიოტექნოლოგიურ პროგრამას ახორციელებს, გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს. რუსეთის მიერ ინიცირებულ სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმაც, რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვისა და დროის ფუჭად ხარჯვის გამო გააკრიტიკეს.

„რუსეთის ფედერაციას არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ე.წ. ბინძურ ბომბებზე, ქიმიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევებზე. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს სისულელე?!“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა კი თქვა, რომ ეს შეხვედრა დროის ფუჭად კარგვაა.

„მოკლედ ვიტყვი, რადგანაც ეს შეხვედრა დროის ფუჭად კარგვაა. რუსეთმა აქ კიდევ ერთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოგვიწვია. ვიტყოდი, რომ რუსეთის დელეგაციამ კარგად იცის, ბრალდება ყალბია და რომ ის პუტინის ბრძანებას ასრულებს. რუსეთი აწყობს შეთქმულებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს დროის კარგვაა და საბჭომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომლის მიზანიცაა, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გადაფარვა და გაუმართლებელი ომის გამართლების მცდელობა“, - აღნიშნა ელჩმა.